Sunday, December 4, 2011

გამოცდილება თვითმფრინავიდან გადაღების შესახებ

საფრენი აპარატით ჰაერიდან გადაღება სპეცგადაღებად ითვლება. სპეციალისტი შეიძლება იყოს როგორც კინოოპერატორი, რომელმაც გამოცდილების ან სპეცკურსის გავლის შედეგად მიიღო ცოდნა, ასევე მფრინავი, რომელიც ტექნიკურ განათლებასთან ერთად გადაღების ამ კურსსაც გაივლის. ტექნიკურმა პროგრესმა გადაღებების ამ სახესაც არ აუარა გვერდი და დღეისათვის არსებული კინოტექნიკა ჰაერში მფრინავი აპარატით გადაღების რამდენიმე სხვადასხვა სახეს გვთავაზობს, მაგ: გადაღებები პილოტირებული და უპილოტო თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, საჰაერო ბუშტიდან და ა.შ.; არსებობს რეაქტიული თვითმფრინავის ცხვირზე დამატებით მისამაგრებელი კაბინა, რომელშიც კამერა თავსდება და ზებგერითი სიჩქარით მოზრაობისას იღებს თვითმფრინავის წინ არსებულ სივრცეს.

თითოეულ ასეთ ტიპს თავისი ტექნიკური უზრუნველყოფა აქვს, რომელიც, როგორც წესი, მოიცავს ვიბრაციის (ნჯღრევის) ჩამხშობ ბალანსირს და კამერის მართვის დისტანციურ სისტემას. ამ სისტემებით უმეტესწილად დიდ და საშუალობიუჯეტიანი დადგმითი პროექტების გადაღებისას სარგებლობენ, რაკიღა მათი ექსპლუატაცია საკმაოდ ძვირია. რაც შეეხება დაბალბიუჯეტიან ფილმებს, მათი გადაღებისას ოპერატორები ნაირგვარ გამომგონებლობას და მოხერხებულობას იჩენენ, რათა მიაღწიონ ჩანაფიქრის რეალიზაციას.

ამ თვალსაზრისით, საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია გავიხსენო გადაღება ჰაერიდან, რომლებიც რეჟისორ მერაბ კოკოჩაშვილის ფილმზე „ღვინის აკვანი“ მუშაობისას მქონდა:

დოკუმენტური ფილმი „ღვინის აკვანი“ ქართული მეღვინეობის და მასთან დაკავშირებული კულტურის ისტორიას გვიყვება. ამოცანას შეადგენდა ჰაერიდან რამდენიმე ხედის გადაღება, სადაც გამოჩნდებოდა კახეთის, ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ლანდშაფტები, ვენახების და საირიგაციო არხების პანორამები, ისტორიული ძეგლები. რამდენადაც ვერტმფრენის დაქირავება 2,5-ჯერ ძვირი ჯდება, გადავწყვიტეთ, გვესარგებლა მსუბუქი სპორტულ-სასწავლო თვითმფრინავით „სესნა“.

ამ საფრენ აპარატიდან, რომელიც 4 ადამიანზეა გათვლილი, გადაღებისათვის შეიძლება გამოყენებული იქნას სავარძელი, რომელიც პილოტის გვერდით მდებარეობს და ფანჯრიდან კამერის ობიექტივის გარეთ გაყოფის საშუალებას იძლევა. თუ რაიმე დამატებითი მოწყობილობა არ იქნა გამოყენებული, ოპერატორმა კამერა ხელში უნდა დაიჭიროს და ისე აწარმოოს გადაღება. ამ მეთოდს რიგიშ ეზღუდვები გააჩნია:

ა) კამერის ხედვის არეში საკმაოდ დიდი ზომით შემოდის თვითმფრინავის ფრთა და მისი სამაგრი ღერძები, რაც პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის აბსტრაგირებული მიმოხილვითი პანორამის გადაღებას. გადაღების წარმოება მხოლოდ გარკვეულ, მკაცრად შემოზღუდულ ხედვით კუთხეში თუ მოხერხდება. ასეთ დროს ოპერატორი იძულებულია იმდენად მოაახლოვოს კადრი, რომ მასში ფრთა, ან თვითმფრინავის რომელიმე სხვა გარე ნაწილი არ შემოვიდეს.

ბ) საკმაოდ პრობლემატურია ვიბრაციის საკითხიც. თუ მას ჩვენ ვერ ვგრძნობთ, მხოლოდ იმიტომ რომ ვიბრაცია კომპენსირდება ადამიანის ხედვა-აღქმის სისტემის მიერ. ამდენად, ნჯღრევა-ვიბრაცია გარკვეულ ზღვრამდე თვითმფრინავში მჯდომი მგზავრისთვის შეუმჩნეველია, რასაც ვერ ვიტყვით კამერაზე. თვითმფრინავზე მყარად მიმაგრებული კამერა აღიქვამს თითოეულ რხევას და „პატიოსნად“ გადმოაქვს ეკრანზე. ასეთი კადრი , როგოც წესი, ვერ ჯდება ფილმის დრამატურგიაში და „ჭუჭყად“ აღიქმება. ამ შემთხვევაში ერთადერთი და ყველაზე მარტივი გამოსავალი ოპერატორის მიერ ხელით გადაღების ოსტატობაა. ადამიანის ძვალკუნთოვანი სისტემა ახშობს ვიბრაციებს და თუ ოპერატორს „მყარი ხელი” აქვს, კადრი საკმაოდ სტაბილურია.

არსებობს სხვადასხვა ტიპის დამატებითი საოპერატორო მოწყობილობა, რომლებიც ვიბრაციის შემცირებისათვის გამოიყენება. ერთერთი მაგალია, ე.წ. სტედიკამი, რომელიც ტანზე მაგრდება. ამგვარი მოწყობილობით ვისარგებლეთ დოკუმენტური ფილმის „სულის ცხენის“ გადაღებისას, როცა ვერტმფრენიდან ხევსურეთის პეიზაჟების გადაღება გახდა საჭირო.

ვერტმფრენი, რომლიდანაც ვიღებდით, სამხედრო ტიპის „მი-8“ იყო, რომელსაც ამ შემთხვევაში მგზავრები გადაჰყავდა. „მი-8“ მძლავრი ძრავითაა აღჭურვილი, შესანიშნავი საფრენოსნო მონაცემები აქვს, მაგრამ საბჭოთა წარმოების მანქანების უმეტესობის მსგავსად, კომფორტული ნამდვილად არაა. ამ ვერტმფრენის კინოგადაღებებისათვის ერთ-ერთი ძირითადი ნაკლი ისაა, რომ რთული ვიბრაცია აქვს - კორპუსი ერთდროულად ვიბრირებს როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური მიმართულებით. ამდენად, ვერტმფრენის იატაკზე ხისტად დადგმული სამფეხიდან გადაღებისას კამერა აბსოლუტურ წუნს იძლევა. ამ შემთხვევაში ყველაზე მარტივი გამოსავალი ისევ ხელიდან გადაღებაა, თუმცა ძვირადღირებულ სტედიკამს უკეთესი შედეგი აქვს. ის საკმაოდ კარგად აკომპენსირებს პარაზიტულ ვიბრაციას და მისი სწორად გამოყენების შემთხვევაში საკმაოდ კარგი შედეგის მიღება შეიძლება.

ჰაერიდან გადაღების ზოგიერთ შემთხვევაში ვიბრაციის საბოლოო მოსპობა შეიძლება ვერ მოხერხდეს, და აქ უკვე საქმეში ერთვება კომპიუტერული ტექნიკა. არსებობს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც რხევის მოხსნის საშუალებას იძლევა თუმცა, სასწაულის მოხდენა არც ამ პროგრამებს შეუძლიათ.

ამდენად, აეროგადაღებისათვის თითოეულმა ოპერატორმა თვითონ უნდა აირჩიოს ან გამოიგონოს მეთოდი.


დავით გუჯაბიძე